2014 წლამდე საქართველოში ინვესტიციები, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, სოფლის მეურნეობაში, საკვების გადამუშავებაში, მარტივად პროგნოზირებად და ნაკლებ რისკიან სექტორში — უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ხორციელდებოდა. 2012 წელს, სოფლის მეურნეობის სფეროში წარმოქმნილი კრიზისული პორტფელის გადასარჩენად, ყველა აქტივისა და პასივის ერთი მენეჯერული გუნდის ქვეშ გაერთიანება გახდა საჭირო. ქართულ-ყაზახური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიებისა და პროექტების სამართავად კი, 2014 წელს ინვესტიციების მართვის კომპანია კაპიტოლ მენეჯმენტი ჩამოყალიბდა.
კაპიტოლ მენეჯმენტმა ერთ-ერთ პირველად ამოცანად სტაბილურობის მიღწევა დაისახა, რომელიც არსებული აქტივების რეალიზაციასა და მიღებული ფინანსური სახსრებით უძრავ ქონებაში ინვესტირებას გულისხმობდა. ამ სტრატეგიის განსახორციელებლად, 2015 წელს შეიქმნა ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“, რომელმაც სხვადასხვა პროფესიონალი გააერთიანა. ამავე წელს, უძრავი ქონების პორტფელის მასშტაბის გაზრდისა და ტურიზმის სფეროში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, გუნდმა ამერიკულ ბრენდთან, „ბესთ უესთერნთან“ შეთანხმება გააფორმა, რის საფუძველზეც მისი ოფიციალური წარმომადგენლობისა და საქართველოში არსებული სასტუმროებისთვის სახელის გაცემის უფლებაც მოიპოვა.
2016 წელს კაპიტოლ მენეჯმენტმა თანამშრომლობა დაიწყო სასტუმროების მენეჯმენტის გამოცდილ ესპანურ კომპანია Hotel Collection International-თან, რომელიც ევროპასა და ჩვენს რეგიონში სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს მართავდა და ახლაც ისეთი ბრენდების ოფიციალურად აკრედიტებული მმართველია, როგორებიცაა Hilton, Intercontinental, Accor, Sheraton & Marriott და სხვა. ესპანურმა კომპანიამ და კაპიტოლ მენეჯმენტმა საქართველოში ერთობლივი კომპანია Hotel Collection International Georgia დააფუძნეს. ამ პარტნიორობებმა საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ბრენდების სტანდარტები და მართვის პრინციპები ხელმისაწვდომი გახადა, რაც არა მარტო კაპიტოლ მენეჯმენტისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის იყო მნიშვნელოვანი.
ამჟამად კაპიტოლ მენეჯმენტი რამდენიმე საშუალო ზომის პროექტსა და კომპანიას მართავს. მისი მართვის ქვეშ არსებული კომპანიებისა და პროექტების საინვესტიციო ბიუჯეტი 2024 წლამდე ჯამურად 200 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა. ეს პროექტები საქართველოს 5 რეგიონს მოიცავდა, მათში ყაზახეთიდან 4 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინვესტორი მონაწილეობდა და პირდაპირი წესით 200-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
კაპიტოლ მენეჯმენტი აერთიანებს მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილების მქონე გუნდს, რომლის მთავარი ფასეულობები პატიოსნება, გულწრფელობა, სისტემურობა, გუნდურობა და პროაქტიულობაა.