პროექტები

ჯეო-აგროს დაარსება შალვა ჯახუტაშვილის მიერ მეღორეობის კომპლექსის შექმნასა და განვითარებას უკავშირდება. სწორედ ამ კომპანიამ დააფუძნა 2009 წელს „კალანდა“, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მეღორეობის კომპლექსის მშენებლობას, ფუნქციონირებასა და განვითარებას უზრუნველყოფდა.


ჯეო-აგრო სახელმწიფოსგან შეძენილ მიწის ნაკვეთებსა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას ფლობდა. კომპანიის მიზანი იყო, ამ მიწებზე საკუთარი ტექნიკით მეღორეობის ფერმისთვის საკვები ეწარმოებინა და კომპლექსისთვის მიეწოდებინა. პარალელურად, კომპანიის მენეჯმენტი ფერმერულ მეურნეობებთან თანამშრომლობასა და მათ მომსახურებასაც ითვალისწინებდა.


პროექტის განხორციელება
იმ პერიოდში ჯეო-აგრო საკუთრებაში კახეთში 3500 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზილიჩას ზონასა და სიღნაღის მუნიციპალიტეტში 450 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ფლობდა. კომპანიას ამ ნაკვეთებზე მარცვლეული კულტურები — ხორბალი, ქერი და მზესუმზირა მოჰყავდა, რომელთა აგროტექნიკური, პირველადი დამუშავება და დასაწყობება მის მიერვე კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო ტიპის ბაზაზე მიმდინარეობდა. ბაზა სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში მდებარეობდა. ადგილზე განლაგებული იყო სრული კომპლექტაციის მექანიზაცია და სასაწყობო მეურნეობები.


ჯეო-აგრო მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკას ფლობდა: მათ შორის, მოსავლის ამღებ 5 კომბაინს, 3 ტრაქტორსა (2 Claas - 350 HP, 1 Hew Holland - 400 HP) და 2 Belarus-ის (150 HP) ტიპის ტრაქტორს. ასევე, ბაზა აღჭურვილი იყო Kuhn-ის ზემძიმე და Amazon-ის მძიმე დისკური ფარცხებით, Amazon–ის პნევმატიკური სათესებითა და სხვა მექანიზაციური იმპლემენტებით.


კრიზისის მართვა
მეღორეობის ფერმაში ვირუსული დაავადებით გამოწვეულმა დეპოპულაციამ ზარალი ჯეო-აგროსაც მიაყენა. კომპანიის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებების გამო, სამომავლო გეგმებში საქმიანობის გაგრძელება აღარ მოიაზრებოდა და, შესაბამისად, ეტაპობრივად არსებული მიწის ნაკვეთებისა და ტექნიკის რეალიზება მოხდა.

პროექტები