პურის ქარხანა N1 2020 წელს დაარსდა. ფქვილის წარმოების პროცესში არსებული გამოწვევების დაძლევამ კაპიტოლ მენეჯმენტის გუნდს უბიძგა, საწარმოო აქტივის ეფექტიანად გამოყენებისა თუ განვითარებისთვის, ახალი შესაძლებლობები მოეძებნა. წისქვილკომბინატ ბარაქას საქმიანობის ლოგიკურ გაგრძელებას ფქვილის ნედლეულით ახალი საწარმოს შექმნა წარმოადგენდა. პურის პირველი სატესტო წარმოების დაწყებაც ამ ფაქტორმა განაპირობა.
პურის ქარხანა N1-ის მიზანი განსხვავებული და ხარისხიანი პურის წარმოება იყო, რომლითაც შემდგომში დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი სენაკის, მისი მიმდებარე სოფლებისა და სხვა მსხვილი ქალაქების მოსახლეობა მომარაგდებოდა.
პროექტის განხორციელება
ბაზრის შესწავლა ადასტურებდა, რომ ადგილობრივი საწარმოები უმეტესად არა პურის ხარისხზე, არამედ სარეალიზაციო ფასის შემცირებაზე იყვნენ ორიენტირებულები. გადაწყდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში შექმნილიყო სატესტო საწარმო, რომლის მთავარი პრიორიტეტიც სწორედ მაღალი ხარისხი და მისაღები ფასი იქნებოდა.
ნოსირის პურის ქარხანამ პირველი მზა პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია 2021 წლის იანვრიდან დაიწყო. სტარტი წარმატებული გამოდგა და დაახლოებით ერთ თვეში მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ წარმოების თითქმის 80% დაიტვირთა.
ამჟამად ქარხანა 12 სახეობის პურსა და ფუნთუშეულს აწარმოებს. პროდუქცია მიმდებარე რეგიონებში იყიდება, თუმცა სამომავლოდ წარმოებისა და რეალიზაციის არეალების გაფართოება იგეგმება.