კალანდას ისტორია დაიწყო 2009 წელს, როცა ყაზახეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, შალვა ჯახუტაშვილმა, პარტნიორებთან ერთად, მეღორეობის კომპლექსის მშენებლობასა და განვითარებაში ინვესტირება გადაწყვიტა.
საწყის ეტაპზე განხორციელდა ბაზრის კვლევა, რომელსაც ტექნოლოგიებისა და გენეტიკის უცხოელი მომწოდებლების მოძიება მოჰყვა. მალევე თბილისთან ახლოს, საინვესტიციო ვალდებულებით სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთის შესაძენად, შესაბამის სტრუქტურებთან მოლაპარაკებები დაიწყო. მათი წარმატებით დასრულების შემდეგ საპარტნიორო ფონდსა და საქართველოს ბანკთან შეთანხმებითა და თანაინვესტირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 588 ჰექტრის ფართობის მიწის საინვესტიციო ვალდებულებით აღება განხორციელდა.
პარალელურად, ტექნოლოგიისა და გენეტიკის მომწოდებლებს შორის ჩატარებული კვლევების შედეგად, არჩევანი შეჩერდა გერმანულ კომპანია Big Dutchman-ზე, რომელიც მეცხოველეობის ფერმის აღჭურვის, ტექნოლოგიების დანერგვისა და მენეჯმენტის კრიტერიუმებით, მსოფლიოს წამყვან ხუთეულში შედიოდა.
მეღორეობის კომპლექსის მშენებლობის დაგეგმვასთან ერთად, შეიქმნა კომპანია ჯეო-აგროც, რომელიც სახელმწიფოსგან შეძენილ მიწის ნაკვეთებსა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას ფლობდა. ჯეო-აგროს ამ მიწებზე საკუთარი ტექნიკით მეღორეობის ფერმისთვის საკვები უნდა ეწარმოებინა და კომპლექსისთვის მიეწოდებინა.
პროექტის განხორციელება
ფერმის სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის მაისში დაიწყო. მომზადდა და დამტკიცდა დეტალური პროექტი. ასევე, გაფორმდა შეთანხმება გერმანულ კომპანია Big Dutchman-თან და საფუძველი ჩაეყარა ინიციატივას, რომელიც შესაბამისი აღჭურვილობისა და სამშენებლო მასალების მოწოდებას გულისხმობდა.
იმ პერიოდში საქართველოში მეღორეობის ამგვარი საწარმო არ არსებობდა, ამიტომ გადაწყდა, რომ Big Dutchman-ს, ტექნოლოგიის მოწოდებასთან ერთად, მის მართვაშიც მიეღო მონაწილეობა. წარმოება გერმანული კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან სრულად კონტროლდებოდა. პარალელურად, მთლიანი ციკლის განმავლობაში ადგილობრივად ჩართული იყო მუდმივი მენეჯერი და ზედამხედველი, რომელიც პერიოდულად კომპლექსს ადგილზე სტუმრობდა. პროექტის განხორციელების მომდევნო ეტაპზე, 2012 წლის 25 დეკემბერს, ფერმამ დიდი ბრიტანეთიდაn, 800 სული სანაშენე კოლტი — ლანდრასი და იორკშირი, ასევე, საწარმოო კოლტი — ჰიბრიდი F1 და სინთეტური ტერმინალური კერატი შემოიყვანა. იმ დროისთვის უკვე დასრულებული იყო საკარანტინე ზონის ფუნქციის მქონე სივრცე, სადაც ბიოუსაფრთხოებისა და თანამშრომლების ჰიგიენური წესების დაცვა ზედმიწევნით კონტროლდებოდა. იმპორტირებული საქონელი სწორედ იქ განთავსდა.
ფერმა იყენებდა საკუთარ საწარმოში დამზადებულ საკვებს, რომლის ძირითად ინგრედიენტებს ქერი, ხორბალი, სიმინდი, სოიის შტოში, მზესუმზირის შტოში, მზესუმზირის ზეთი და პრემიქსი წარმოადგენდა. მათი დიდი ნაწილი ჯეო-აგროს მიერ, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იწარმოებოდა. საგულისხმოა, რომ საკვებწარმოების ქარხნის სიმძლავრე — 5 ტ/სთ-ს, ნედლეულის ბაზა — 360 ტონას, მზა საკვების ბაზა კი 80 ტონას წარმოადგენდა.
ხორცის სარეალიზაციოდ მომზადების თითოეულ ეტაპზე ყველა სტანდარტი ზედმიწევნით იყო დაცული: გერმანელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მეღორეობის ტერიტორიაზე სასაკლაო არ მოეწყო. კალანდამ ახლოს მდებარე სასაკლაო დაიქირავა, რომელიც მეღორეობას ექსკლუზიურად ემსახურებოდა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ცხოველები გადაჰყავდა, ფერმაში დაბრუნებამდე სპეციალურად ირეცხებოდა და დეზინფექციას გადიოდა, თავად რეალიზაცია ნახევარ კარკასის (ტან-ხორცი) ფორმით ხდებოდა, პროდუქტი კი, საშუალოდ 400 ცხოველი კვირაში, “შეგრილებული ხორცის“ (chilled pork) სახით იყიდებოდა. კალანდამ ღორის ხორცის რეალიზაცია 2013 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ხორცის მსხვილ სუპერმარკეტებში მიწოდებას ფერმის დისტრიბუცია უზრუნველყოფდა, წვრილი მარკეტების დისტრიბუტორებს კი პროდუქცია თბილისში, იჯარით აღებული სამაცივრე სივრციდან თავად გაჰქონდათ.
ღორის ხორცის რეალიზაციის დაწყებიდან 2 თვეში, 2014 წლის იანვრის დასაწყისში, ფერმაში გაურკვეველი დაავადების კლინიკური ნიშნები გამოვლინდა. ახლომდებარე მოსახლეობაში ღორის დაცემა არ დაფიქსირებულა. დადგინდა, რომ დაავადება კლასიკური ღორის ცხელება იყო.
ფაქტის დაფიქსირებიდან 2 კვირაში ფერმის სრული დეპოპულიზაცია განხორციელდა. საგადასახადო ორგანოებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, 11 200 სულზე მეტი ცხოველის ლიკვიდირება სპეციალური პროცედურების დაცვით მოხდა. იმ პერიოდში საქართველოში შესაბამისი სადაზღვევო პრაქტიკა არ არსებობდა, ამიტომ მიღებული ზარალის ანაზღაურება სრულად პარტნიორებს დაეკისრა.
კრიზისის მართვა
მნიშვნელოვანი ზარალის მიუხედავად, 2014-2018 წლებში ფერმის რეაბილიტაცია და ბიოუსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასვლა განიხილებოდა. 2018 წლის ზაფხულში მოლაპარაკებები დაიწყო საპარტნიორო ფონდთან და მისმა საინვესტიციო კომიტეტმა მოიწონა კიდეც რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ამ პროცესში ფონდის მხრიდან 1,9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ მონაწილეობას მოიაზრებდა. ბიუჯეტის დარჩენილი ნაწილისთვის კი კალანდა არანაკლებ 1,9 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავდა.
აღსანიშნავია, რომ კალანდამ წარმატებით წარმართა და დაასრულა მოლაპარაკებები სადაზღვევო კომპანიასთან ცხოველების სიკვდილიანობის დაზღვევასთან დაკავშირებით. ის მზად იყო, კალანდა — ბიზნესის შეწყვეტის რისკებზე, ცხოველები კი სიკვდილიანობაზე 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაეზღვია. პროცესში ჩართული იყო სურსათის ეროვნული სააგენტოც, რომლის დახმარებითაც რეაბილიტაციის ტექნიკური რეგლამენტები და ფერმის რეპოპულაციის გეგმა შემუშავდა.
პარალელურად, ფინანსური ვალდებულებები არსებობდა საქართველოს ბანკთან, ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფერმა დროებით ბანკს გადაუფორმდებოდა და ვალდებულებებზე პროცენტის დარიცხვა შეჩერდებოდა. ამას გარდა, საქართველოს ბანკის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ ფერმის რეაბილიტაციისთვის 3.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოიყოფდა.
ამავდროულად, კალანდას გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ახალ ინვესტორთან, რომელსაც ბანკის უძრავი ქონების განყოფილებამ ფერმა სწორედ ამ პროცესში მიჰყიდა. მხარეთა შორის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ინვესტორისთვის ტექნოლოგიური და ფინანსური ინფორმაცია იყო გაზიარებული. ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა, რომელიც კალანდას სარჩელის ნაწილობრივ, კერძოდ კი, მოპასუხის უკანანო მფლობელობაში არსებული აქტივების დაკმაყოფილებით დასრულდა.
საგულისხმოა, რომ პროექტის გაკოტრების შედეგად, ფერმას დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბანკის კრედიტი და პარტნიორების მიერ ინვესტირებული 7 მილიონი აშშ დოლარი დარჩა გასასტუმრებელი. რეაბილიტაციის რისკი, პოტენციური ზარალი და მოგება სრულად შალვა ჯახუტაშვილმა აიღო საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ქართულმა მხარემ ინვესტორებისა და ბანკის წინაშე აღებული პარტნიორული თუ ფინანსური ვალდებულებები პირნათლად შეასრულა და მათი ნდობა სრულად გაამართლა.