წისქვილკომბინატის შექმნის იდეა 2006 წელს გაჩნდა: იმ პერიოდში რუსეთმა ადგილობრივი ხორბლის ექსპორტზე ემბარგო დააწესა, ამიტომ ყაზახეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, შალვა ჯახუტაშვილმა გადაწყვიტა, საქართველოში არსებული ხორბლის მარაგი ყაზახეთიდან იმპორტით დაეკომპენსირებინა. მალევე მან, სხვა ბიზნესჯგუფებთან ერთად, ქვეყანაში ყაზახური ხორბლის იმპორტი უზრუნველყო.
ბიზნესმენი ყაზახეთში ხორბლის წარმოებით იყო დაკავებული, ამიტომ გაჩნდა გეგმა, ყაზახეთიდან საქართველოში ხორბლის მოწოდება უფრო სისტემური და რეგულარული გამხდარიყო.
პროექტის განხორციელება
გეგმის შესასრულებლად, შალვა ჯახუტაშვილმა 2008 წელს შეისყიდა შპს „თი.ბი.თის“ 70%-იანი წილი, რომელიც სენაკსა და თბილისში წისქვილკომბინატებს ფლობდა. ორივე წისქვილს ყაზახეთიდან იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და რეალიზაცია უნდა განეხორციელებინა, მათი ჯამური წარმადობა კი დაახლოებით 9000 ტონას შეადგენდა.
2009 წელს ომის შემდგომმა ფინანსურმა კრიზისმა ყაზახეთსა და საქართველოში ეკონომიკური გარემო შეცვალა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა როგორც პარტნიორების, ისე ქართველი ინვესტორის შესაძლებლობებსა და გეგმებზე მოახდინაა. შალვა ჯახუტაშვილმა გადაწყვიტა, დარჩენილი წილის 30% გამოესყიდა და გართულებული ბიზნესის რეაბილიტაცია დამოუკიდებლად განეხორციელებინა.
კრიზისის მართვა
კაპიტოლ მენეჯმენტმა ბარაქას კრიზისული პორტფელი 2014 წელს ჩაიბარა. იმ პერიოდში კომპანიის ბრუნვა და კაპიტალიზაცია ერთმანეთს არ ესადაგებოდა: აქტივსა და ღირებულებებთან შედარებით, ბრუნვა და მისი ამონაგები მიზერული იყო. გამოსავლის მოძებნის პროცესში ორი მიმართულება გამოიკვეთა: დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებით ბრუნვების გაზრდა, ან კაპიტალიზაციის შემცირება და გარკვეული აქტივების რეალიზაცია. ბაზრის სპეციფიკა 2012-2014 წლებში განსხვავებული იყო, ბაზართან შესაბამისობაში უკუგების ადეკვატური ნორმები არ არსებობდა, ამიტომ დამატებითი თანხის ინვესტირება აზრს კარგავდა. კაპიტოლ მენეჯმენტის გუნდმა გადაწყვიტა, თბილისში არსებული აქტივები გაეყიდა, მთელი პროცესი სენაკის ქარხანაში გადაეტანა და გარკვეული მარჟის პროდუქტი ნაკლები მოცულობით ეწარმოებინა. წარმოება 2000 ტონამდე შემცირდა, თუმცა ბაზრის მცირე ნიშა და სამუშაო ადგილები შენარჩუნდა.
ამჟამად სენაკის ქარხანა 4.7 ჰექტარზეა განთავსებული. საწარმოო კორპუსები წისქვილსა და ადმინისტრაციულ კორპუსს ეთმობა. კომპანია ბაზარზე სამი დასახელების პროდუქტითაა წარმოდგენილი: “ბეღელი”, “თონე” და “ბარაქა”.
ფქვილის ხარისხი ყოველდღიურად კონტროლდება. 2019 წლიდან ამ პროცესში გამოიყენება Chopin - Infraneo Junior-ის თანამედროვე დანადგარი, რომელიც ხორბალსა და ფქვილის 8 მონაცემს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ამოწმებს. ზუსტი შედეგის პარალელურად, დანადგარი მნიშვნელოვნად ამცირებს კონტროლის დროს და ამარტივებს პროცედურებს.
საქართველოში ფქვილის წარმოება რუსული ხორბლის იმპორტზეა დამოკიდებული, რაც დარგის განვითარებას ნაკლებად მიმზიდველს ხდის, თუმცა, მიუხედავად ამისა, კაპიტოლ მენეჯმენტის გუნდი აქტიურად განიხილავს სხვადასხვა მექანიზმს, რათა საწარმო შენარჩუნდეს, მისი კადრი კი განვითარების ახალ წერტილად იქცეს.