კურორტი შოვი 2006 წლიდან ეკუთვნოდა ყაზახურ ჯგუფს, რომელმაც 2016 წელს სიმეტრიას კურორტის განვითარებაში დახმარება სთხოვა. მასშტაბური პროექტის განხორციელება კომპანიისთვის საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა.
შოვის მთის კურორტი წარმოადგენდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტს, რომელიც განხორციელების შემდეგ მსოფლიო დონისა და სტანდარტების ტურისტული მიმართულების ჩამოყალიბებას, რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებდა.
პროექტის მიხედვით, შოვში გლობალური მასშტაბის 4-სეზონიანი კურორტის გახსნა იგეგმებოდა. მისი განაშენიანება განვითარების ერთიან კონცეფციასა და არქიტექტურულ გეგმას ეფუძნებოდა. კურორტის ერთ-ერთ ინვესტორად კაპიტოლ რიალ ისთეითიც მოიაზრებოდა.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მეწყრისა და მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პროექტთან დაკავშირებული ყველა სამუშაო შეჩერდა.
პროექტის განხორციელება
შოვის მთის კურორტის განვითარება სიმეტრიამ 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ პროექტის მოსამზადებლად დაახლოებით 1.5 მილიონი ლარი დაიხარჯა და ყველა ის სამუშაო შესრულდა, რაც მისი მასშტაბური განხორციელებისთვის იყო საჭირო:
• BDO-სთან თანამშრომლობით, ჩატარდა შოვის კურორტის ძირითადი მფლობელების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების იურიდიული აუდიტი;
• სამეცნიერო-კვლევით კომპანია „გამასთან“ თანამშრომლობით, განხორციელდა კურორტის ეკოლოგიური კვლევა;
• ავსტრიულ კონსორციუმ Freiland- თან თანამშრომლობით, შემუშავდა შოვის კურორტის განვითარების კონცეფცია და გენერალური გეგმა;
• დიდი ოთხეულის წევრ საკონსულტაციო კომპანია EY-სთან თანამშრომლობით, შეიქმნა კურორტის კონცეფციასა და გენერალურ გეგმაზე დაფუძნებული დეტალური ბიზნესგეგმა;
• EY-სთან თანამშრომლობით, შოვის კურორტის ძირითად მესაკუთრეებთან ერთიანი განვითარების გეგმაზე შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმების შესაბამისად, მომზადდა გეგმა კურორტის განვითარებისა და მართვის პროცესში მხარეების კონტრიბუციის შესახებ;
• გერმანიის წამყვანმა ლაბორატორიებმა დეტალურად შეისწავლეს კურორტის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლები. მიღებული შედეგების მიხედვით კი მომზადდა მათი ბალნეოთერაპიული და სპა მიზნებისთვის გამოყენების კონცეფცია - Dr. Kurt von Storch, STORCH Water Consulting International, Wiesbaden (გერმანია); Dr. Janka Zalesakova, Balneotherma s.r.o., Bratislava (სლოვაკეთი);
• Adactive Consulting-თან თანამშრომლობით, ჩატარდა რაჭის რეგიონის განვითარებაში შოვის კურორტის განვითარების როლის შეფასების კვლევა;
• კურორტის განვითარების არქიტექტურული კონცეფციისა და პროექტის მოსამზადებლად, ჩატარდა საერთაშორისო მოკვლევა და ფასთა გამოკითხვა. შეირჩა ავსტრიულ-ამერიკული კონსორციუმი;
• მუნიციპალურ სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ოფიციალურ პირებთან, ადგილობრივ მესაკუთრეებსა და ინტერესთა ჯგუფებთან წარიმართა აქტიური თანამშრომლობა და ინტენსიური კომუნიკაცია შოვის კურორტის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად (სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გენერალური გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობა, კურორტისთვის საჭირო უსაფრთხოების სისტემებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხებზე მუშაობა და სხვა).
სიმეტრიამ, უცხოელ კონსულტანტებთან ერთად, გენერალური გეგმის შექმნის პარალელურად, შოვის ქონებრივი და იურიდიული საკითხები ეფექტიანად მართა. 2019-2022 წლებში გენერალური გეგმა სახელმწიფოსთან შეთანხმდა. ამ შეთანხმებით, კაპიტოლ რიალ ისთეითი შესაბამის ინვესტიციებს განახორციელებდა, სახელმწიფო კი ცენტრალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შეასრულებდა. ამავდროულად, კურორტის მეზობელად არსებული მიწის მფლობელებთან კურორტის განვითარების შემდგომ ერთიან მართვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
2023 წლის აგვისტოში, მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, შოვის ტერიტორიის განვითარება შეუძლებელია. ამჟამად სახელმწიფოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადგილმონაცვლეობის შესახებ, რაც კაპიტოლ რიალ ისთეითს საშუალებას მისცემს, რესურსი სხვა კურორტის განვითარებისთვის გამოიყენოს.
კონტაქტი:
უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრია
info@simetria.ge
www.simetria.ge