ბესთ უესთერნ ქუთაისი

კატეგორია
სასტუმრო
სტატუსი
დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი
$3 100 000

2012 წლისთვის კაპიტოლ რიალ ისთეითის საინვესტიციო პორტფელი ქუთაისის ცენტრში ფლობდა 250 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელზეც სასტუმროს მშენებლობის შესახებ სახელმწიფო ვალდებულება არსებობდა. კაპიტოლ მენეჯმენტმა ამ აქტივის გამოყენება და სტუმარმასპინძლობის სფეროში საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა. პირველ ეტაპზე კომპანიამ დეტალურად შეისწავლა, თუ რომელი ბრენდები ოპერირებდნენ საქართველოში და რა ტიპის სასტუმროების მშენებლობა იქნებოდა მიზანშეწონილი. ოპტიმალური კონცეფციის დაგეგმვისა და სტუმარმასპინძლობის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებისთვის, კაპიტოლ მენეჯმენტის დაკვეთით, Cushman and Wakefield-ის მიერ ჩატარდა კვლევა ქვეყნის მასშტაბით ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროებში არსებული მოთხოვნების, პერსპექტივებისა და განვითარების პოტენციალის შესახებ. კვლევამ გამოავლინა სტანდარტებისა და საერთაშორისო ბრენდის აუცილებლობა, ასევე, საჭირო ლოკაციები, რომელთა შორის ქუთაისიც მოხვდა.

 

ვინაიდან იმ პერიოდში რეგიონებში სასტუმროების სიმცირე იყო, კაპიტოლ რიალ ისეთეითმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც ბათუმისა და თბილისის გარდა, რეგიონებში ტურიზმის განვითარებას ისახავდა მიზნად. გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული საერთაშორისო ბრენდები 100-ზე ნაკლები ნომრის მქონე სასტუმროებისთვის საკუთარი ბრენდის მინიჭებაზე უარს აცხადებდნენ. ამას გარდა, ისინი სავალდებულოდ ითხოვდნენ შესაბამისი მაღალი სტანდარტების დაწესებას, რაც საქართველოს ბაზართან პროექტების საინვესტიციო მოცულობას შეუთავსებელს ხდიდა. ქუთაისის შემთხვევაში, კაპიტოლ მენეჯმენტის წინაშე ორი გამოწვევა იდგა: საჭირო იყო საერთაშორისო ბრენდი, რომელიც 45 ნომერზე იქნებოდა თანახმა და, ასევე, მმართველი კომპანია.

 

არსებული გამოწვევის პასუხად, კაპიტოლ მენეჯმენტმა მსოფლიოში ცნობილ ქსელთან, BWH℠ Hotels-თან მათი ერთ-ერთი ბრენდის წარმომადგენლობის მიღებაზე მოლაპარაკება დაიწყო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, კომპანიამ Best Western ქვეყნის ტურისტული პოტენციალით დააინტერესა. შეთანხმება შედგა და გაფორმდა თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში Best Western-ის ქსელის წარმომადგენლობის მინიჭებას გულისხმობდა.

 

პარალელურად, დაიწყო მოლაპარაკებები ნაკვეთის მოსაზღვრედ მცხოვრებ მოსახლეობასთან, რომლებიც წარმატებით დასრულდა. საბოლოოდ, ფართი 600 კვ/მ-მდე გაიზარდა და 45-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობა გაჩნდა.

 

პროექტის დაგეგმვისას კაპიტოლ მენეჯმენტის მიერ სასტუმროს მიზნობრივი სეგმენტის გამოსავლენად კვლევა ჩატარდა, რომელმაც ორი სეგმენტი გამოკვეთა: დამსვენებელი ტურისტი, რომელიც ქუთაისს ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და შესვენებისთვის სტუმრობდა და — საქმიანი, რომელიც ქალაქში დილით ჩავიდოდა, საქმეების დასრულების შემდეგ კი გაემგზავრებოდა. გუნდმა მუშაობა სწორედ ამ ორი სეგმენტის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაიწყო და სასტუმროს მარკეტინგული კონცეფციაც შესაბამის მიმართულებებს დაეფუძნა.

 

ბესთ უესთერნ ქუთაისი 2017 წლის აპრილში, კოლორიტულ ადგილას, თეთრი ხიდის მიმდებარედ გაიხსნა. შენობა განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა: თანამედროვე ექსტერიერისა და ინტერიერის ძველებური ელემენტები მას ისტორიულ იერსახეს სრულად უნარჩუნებს. ის არის პირველი სასტუმრო საქართველოში, რომელსაც ბესტ უესთერნის სახელი მიენიჭა.

 


პროექტის განხორციელება


პროექტის განხორციელების პროცესში კაპიტოლ მენეჯმენტის გუნდმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა:

• კაპიტოლ მენეჯმენტმა მსოფლიოში ცნობილ ქსელთან, BWH℠ Hotels-თან მათი ერთ-ერთი ბრენდის წარმომადგენლობის მიღებაზე მოლაპარაკება დაიწყო;

• მიწის ნაკვეთი ქუთაისის ისტორიულ ცენტრში, ძეგლთა დაცვის 50-მეტრიან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაგებობების გვერდით მდებარეობდა. პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობდა ქუთაისის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოებიც. ამიტომ 6-7-სართულიანი, 45-ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად, ქალაქის არქიტექტურული იერსახის შენარჩუნების, სტილისტურ თავისებურებებთან მორგებისა და ქუთაისის თვითმმართველობასთან პროექტის შეთანხმების აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მის მზადებაში ადგილობრივი არქიტექტორები ჩაერთნენ;

• პროექტის დეველოპმენტი კაპიტოლ მენეჯმენტის წევრ კომპანია სიმეტრიას ჩაბარდა;

• სასტუმროს პროექტის განხორციელებისას ჯგუფმა საპარტნიორო ფონდთან 50%-იან თანადაფინანსებაზე ხელშეკრულება გააფორმა, თანაინვესტირების პროცესში ჩართო კერძო პარტნიორი კომპანიაც და, საბოლოოდ, პროექტი მასთან ერთად დასრულდა;

• საპარტნიორო ფონდის წარმატებული რეფინანსირება კაპიტოლ მენეჯმენტმა თიბისი ბანკის საკრედიტო რესურსით განახორციელა;



ოპერირების დაწყებიდან, 3-ვარსკვლავიან ბესთ უესთერნ ქუთაისს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული. მათ შორისაა:

● „Loved by Guests Award” winner by Hotels.com – 2021;
● „Traveler Review Awards” by Booking.com – 2021;
● „Standard Accommodation Award” finalist by Welcome to Georgia Awards – 2020;
● „Traveler Review Awards” by Booking.com – 2020;
● „Quality & Service Award” by Best Western Hotels & Resorts – 2019;
● „Standard Accommodation Award” finalist by Welcome to Georgia Awards – 2019;
● „Certificate of Excellence” by TripAdvisor – 2018;
● „Traveler Review Awards” by Booking.com – 2018;
● „The Best Value - Standard Accommodation Award” finalist by Welcome to Georgia Awards – 2018;
● საქართველოს ბანკისა და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia 2017, გამარჯვებული ნომინაციაში წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია საშუალო და მცირე ბიზნესის სეგმენტში;
● International Hospitality Awards – 2019 ფინალისტი, საუკეთესო ბიზნეს ტიპის სასტუმრო;
● International Hospitality Awards – 2020 ფინალისტი, საუკეთესო პატარა ქალაქის სასტუმრო.

პროექტის შედეგები

 

სასტუმროს მართვას კაპიტოლ მენეჯემენტისა და სასტუმროების მართვის საერთაშორისო მულტიბრენდული ესპანური კომპანიის, Hotel Collection International-ის მიერ საქართველოში ერთობლივად დაფუძნებული კომპანია Hotel Collection International Georgia ახორციელებდა, რომლის ეფექტიანი მართვის შედეგად, სასტუმრო ყოველ წელს ჯამურ ინვესტიციაზე მაღალი უკუგებით ასრულებდა.


პანდემიის შემდეგ კაპიტოლ რიალ ისთეითის პორტფელი შეიცვალა და გუნდმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ბესთ უესთერნ ქუთაისის კუთვნილი 50%-იანი წილი არსებული პარტნიორისთვის მიეყიდა. გარიგება 2023 წლის მაისში შედგა და, შესაბამისად, სასტუმროს მართვა ახალმა გუნდმა გადაიბარა.

 

მოსალოდნელი შედეგები პროექტის დაგეგმარებისას:
• სტუმრის კმაყოფილების ინდექსი: 87.7%, ამ მაჩვენებლიდან განსაკუთრებული შეფასება — 87.9% მიიღო მომსახურებამ, სისუფთავემ კი — 87.7%;
• უკუგების შიდა განაკვეთი კაპიტალზე (IRR Equity - monthly based) — 13.6%;
• უკუგების შიდა განაკვეთი პროექტზე (IRR Project ) — 12.4%;
• ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი (ROI) — 135%.

 

კონტაქტი:

Best Western Kutaisi

info@bwkutaisi.com

პროექტები

სიმეტრია ჯიქია
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი
გლდანი მოლი
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
სიმეტრია ჯიქია
Four Points by Sheraton Bakuriani
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
გლდანი მოლი
შოვის მთის კურორტი
სიმეტრია ვაკე
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი